ბორელიოზი

ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება,საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლიც გადაიტანება ტკიპების მეშვეობით. გამომწვევია მცირე ზომის სპიროქეტა Borrelia burgdorferi. ეს არის ერთადერთი სპიროქეტა, რომელიც პათოგენურია ადამიანისთვის.

სხეულის ზედაპირზე ტკიპის პოვნისას, ტკიპა ფრთხილად უნდა მოიცილოთ: არ შეიძლება მისი გაჭყლეტა, რადგან  პათოგენურ მიკროოგანიზმებს, მის  სანერწყვე ჯირკვლებში უდევს ბინა- ანუ თავში კონცენტრირდება, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. სასურველია ტკიპის ზედაპირზე დაასხათ ზეთი, რაც მას მოადუნებს და უმოძრაოს გახდის და შემდეგ დოლბანდის საშუალებით მოაცილებთ ზედმეტი ძალდატანების გარეშე წრიული მოძრაობით. არსებობს ტკიპების მოსაცილებელი სპეციალური მოწყობილობები. თუ ტკიპის ნაწილი, კერძოდ, თავი ჭრილობაში ჩარჩა (ის შავ წერტილს ემსგავსება), ასეთ დროს უნდა  მიაკითხოთ ქირურგს სამედიცინო დაწესებულებაში.

ტკიპების კბენის შედეგად ბორელია ხვდება  ადამიანის ორგანიზმში და იწვევს დაავადებას. ბორელიოზი სისტემური დაავადებაა, რომელსაც სამი სტადია ახასიათებს:

პირველი  სტადია ვითარდება ტკიპის კბენიდან ერთ კვირაში ან უფრო გვიან და გრძელდება 3-დან 33 დღემდე. ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასითებელი მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით (erythema chronicum migrans), და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე). თუკი თერაპია იწყება ამ სტადიაზე, მაშინ დაავადების შემდგომი განვითარება შეიძლება თავიდან იყოს აცილებული.

კბენიდან რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იწყება დაავადების მეორე სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ართრიტი (სახსრების ანთება), ართრალგია (სახსრების ტკივილი), გულისა და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები, მაგალითად მენინგიტი. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, დისკომფრტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი, დიდი სახსრების ანთება და ტკივილი. დაავადების II სტადიისათვის დამახასიათებელია გულის დაზიანება და ნევროლოგიური “ტრიადა“:  ასეპტიკური მენინგიტი, სახის ნერვის პარალიჩი და პერიფერიული ნევროპათიები.

მესამე სტადია თვეების ან წლების მერე გამოვლინდება ქრონიკული ართრიტისა და, ზოგიერთ პაციენტში, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სახით. ნევროლოგიური გართულებები შეიძლება იყოს: ტვინის გარსების ანთება (მენინგიტი), სახის ერთი ნაწილის დროებითი პარალიზი (Bell’s palsy), კიდურების სისუსტე ან უმოძრაობა, კუნთებში მოძრაობის შეზღუდვა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, ხასიათის ცვლილებები, ძილის დარღვევა. არანამკურნალებ პაციენტებს უნვითარდება სახსრების მძიმე დაზიანებები.

მიგრირებადი ერითემის კლასიკური სურათის შემთხვევაში დიაგნოზი ისმევა კლინიკური გამოვლინებებით, სხვა შემთხვევებში ის დასტურდება ლაბორატორიული მეთოდებით. უმეტესწილად გამოიყენება სეროლოგიური მეთოდები – სისხლში გამომწვევის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულების გამოვლენა.

IgG ანტისხეულები ვლინდება ინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდეგ, მათი მაქსიმალური რაოდენობა ინფიცირების შემდეგ 1,5-3 თვის შემდეგ აღინიშნება. Borrelia burgdorferi საწინააღმდეგო ანტისხეულები ხშირად არ ვლინდება დაავადების ადრეულ, ლოკალიზებულ სტადიაზე ან ადრეულად ჩატარებული ანტიმიკრობული თერაპიის ფონზე.

შესაბამისად, ინფექციის ადრეულ სტადიებზე სეროლოგიური ტესტების უარყოფითი შედეგი სარწმუნო არ არის და საჭიროებს გადამოწმებას 2 კვირის შემდეგ. ბორელიოზის დისემინირებულ და ქრონიკულ სტადიებზე სპეციფიური ანტისხეულები სისხლში პრაქტიკულად ყოველთვის ვლინდება. IgG  ანტისხეულები სისხლში ხანგრძლივად, რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში, ნარჩუნდება. გამონაკლისს არც წარმატებული ანტიმოკრობული მკურნალობა წარმოადგენს. შესაძლებელია ხელახალი ინფიცირება რამოდენიმე წლის შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Borrelia burgdorferi საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ყოველთვის არ არის თანდართული ბორელიოზის კლინიკური სიმპტომებით.

აქ ჩამოთვლილია თითქმის ყველა სიმპტომი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ლაიმის დაავადებამ, თუმცა რასაკვირველია ერთ ადამიანს ყველა მათგანი არ გამოუვლინდება… თან დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და თუ დროულად მივმართავთ ექიმს, ადრეულ სტადიებზევე მოხდება განკურნება.

მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, რომელიც უნდა შეარჩიოს ექიმმა დაავადების სტადიისა და სიმპტომების მიხედვით. შეიძლება აგრეთვე დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

 

Share: