ექინოკოკოზი 

ექინოკოკოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლენტისებრი(თასმისებრი) ჰელმინთი Echinococus  გვარიდან.არსებობს ექინოკოკის 4 ფორმა:

1.კისტოზური(ერთკამერიანი) ანუ ჰიდატიზური ექინოკოკი -გამომწვევი Echinococus granulosus

2.ალვეოლარული ანუ მრავალკამერიანი ექინოკოკი-გამომწვევი E.multilocularis

3.პოლიკისტოზური ექინოკოკი-გამომწვევი E.vogeli

4.მონოკისტოზური ექინოკოკი-გამომწვევი E.oligarthrus

მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროსათვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ექინოკოკის ორი ფორმა: კისტოზური და ალვეოლარული.კისტოზური და ალვეოლარული ექინოკოკოზის გამომწვევი ორივე პარაზიტი ბიოჰელმინთია, რომელთა განვითარება 2 მასპინძლის მონაცვლეობით წარმოებს.

ჰიდატიზური ექინოკოკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა იმ ადგილებში, სადაც უმეტესად მეცხოველეობას მისდევენ. მსოფლიოში ცნობილია ამ დაავადების ენდემური კერები:ავსტრალია, ესპანეთი,ბულგარეთი,საბერძნეთი, ეგვიპტე,სუდანი, თურქეთი,სირია და აღმოსავლეთ და შუა აზიის ცალკეული რაიონები. საქართველოში  ჰიდატიზური ექინოკოკოზი უმეტესად გვხვდება აღმოსავლეთ რეგიონებში.

ადამიანი ან სხვა შუამავალი მასპინძელი ჰიდატიზური ექინოკოკოზით ავად ხდება ამ პარაზიტით დაინვაზიებული მუდმივი პატრონის ძაღლის ან კანიდეს ოჯახის სხვა წარმომადგენლების  მიერ განავალთან გამოყოფილი ექინოკოკის მომწიფებული კვერცხის პირის ღრუდან საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრით.

ადამიანისათვის ინვაზიის წყაროს  ბუნებაში წარმოადგენს დაავადებული ხორცისმჭამელი(მელია, მგელი,ტურა) ცხოველები, ხოლო სინანტროპულ კერებში ძაღლი.

ალვეოლარული ანუ მრავალკამერიანი ექინოკოკი ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა და ადამიანისათვის  მეტად თავისებურ სახეობას წარმოადგენს. მისი ენდემური კერებია: ტომსკის ოლქი, ყაზახეთი, ბაშკირეთი, შუა ვოლგისპირეთის რაიონები. დაავადება აღწერილია უკრაინასა და აზერბაიჯანში. საქართველოში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევებია რეგისტრირებული.

ინვაზიის წყაროს ადამიანისათვის ძირითადად წარმოადგენს მელია და ყაღსაღი,იშვიათად კატა და ძაღლი.

ჰიდატიზური ექინოკოკოზის  კლინიკური სურათი.

  • განვითარების დროის მიხედვით გამოყოფენ:
  • პირველადი ჰიდატიზური ექინოკოკოზი
  • მორეციდივე ჰიდატიზური ექინოკოკოზი

 

  • პარაზიტული ინვაზიით გამოწვეული დაზიანების მოცულობის მიხედვით:
  • სოლიტარული ჰიდატიზური ექინოკოკოზი ერთი ორგანოს დაზიანებით
  • მრავლობითი ჰიდატიზური ექინოკოკოზი ერთი ან რამდენიმე ორგანოს დაზიანებით
  • დისიმინირებული ჰიდატიზური ექინოკოკოზი

 

  • გამოყოფენ დაავადების შემდეგ სტადიებს:
  • კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე
  • გაურთულებელი
  • გართულებული(ასეპტიური დესტრუქციული კისტა, აბსცედირებული კისტა, კისტის მთლიანობის დარღვევა, ზეწოლა სანაღვლე გზებზე, პორტალური ჰიპერტენზია, ამილოიდოზი და სხვა)

ძირითადად დაავადების გამოვლენა ხდება  საშუალო ასაკის ადამიანებში,თუმცა  არაიშვითია  5 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.

ლატენტური პერიოდი (უსიმპტომო პერიოდი) შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან ათეულწლებამდე. ზოგჯერ მთელი პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ჰიდატიოზურ ექინოკოკს  შემთხვევით ნახულობენ სხვა მიზეზით ჩატარებული ინსტრუმენტული გამოკვლევის ან  ოპერაციის  დროს.  კლინიკუღად გამოხატული ექინოკოკოზის დროს პროგნოზი და მიმდინარეობა დამოკიდებულია პარაზიტით გამოწვეული დაზიანების მოცულობაზე , ლოკალიზაციაზე, კისტების განვითარების დინამიკაზე  და მასპინძელი ორგანიზმის რეაქტიულობაზე.დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობას  ორსულობის,თანმხლები მძიმე დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების და ალიმენტური დარღვევების დროს.

ჰიდატიზური ექინოკოკოზის გაურთულებელი სტადიის პირველი სიმტომები როგორც წესი   ატარებს არასპეციფიურ ხასიათის. ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის და ალერგიული რეაქციის ნიშნები. ასევე აღენიშნებათ ზოგადი სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დისპეპსიური მოვლენები,შესაძლებელია ჰიპერთერმია და ურტიკარიული გამონაყარი ქავილით. სპეციფიური კლინიკუღი ნიშნები დამოკიდებულია კისტის ლოკალიზაციაზე  და ორგანოს სტრუქტურის დაზიანების ხარისხზე.ძირითადად ექინოკოკური კისტები ვითარდება ღვიძლში და ფილტვში, იშვიათად ძვლებში, თირკმელში, ელენთაში, კუნთებში, ც.ნ.ს-ში და თვალში. მაგ:ღვიძლის ექინოკოკოზის დროს ტკივილები ქოლეცისტიტის მსგავსია, აღენიშნებათ წონაში კლება, უმადობა, გულძმარვა, ღებინება, ღვიძლის ზომაში მომატება, მზარდმა ექინოკოკურმა კისტამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის სადინრის დახშობა და მექანიკური სიყვითლე. ფილტვის ექინოკოკოზის დროს დამახასიათებელია ქრ. ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა.

ჰიდატიზური ექინოკოკოზის დროს გაღთულებები ხშირია(30%) და ეს შეიძლება იყოს დაავადების გამოვლენის პირველი კლინიკუღი ნიშანი.

ალვეოლარული ანუ მრავალკამერიანი კლინიკური სურათი.

ალვეოლარული ანუ მრავალკამერიანი ძირითადად ავადდებიან ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანები.  ახასიათებს ხანგრძლივი  უსიმპტომო ინკუბაციური პერიოდი . კლინიკური გამოვლინებები არასპეციფიურია და დამოკიდებულია კისტის მდებარეობაზე და ზომაზე.მრავალკამერიანი ექინოკოკი ძირითადად აზიანებს ღვიძლს, სხვა ორგანოებში გვხვდება როგორც მეტასტაზი. ახასიათებს ინფილტრაციული ზრდა მეზობელ ქსოვილებსა და ორგანოებში და მეტასტაზები ახლო(მაგ. ელენთა) და შორს მდებარე ორგანოებში(ფილტვი, გული).

  • გამოყოფენ ღვიძლის და ღვიძლსგარე ალვეოკოკოზს.
  • ალვეოკოკოზის მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 სტადიას: ადრეული გაურთულებელი, გართულებული და ტერმინალური.

ალვეოკოკის ზრდა ავთვისებიანი სიმსივნის ტიპისაა. მკუნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ალვეოლარული ექინოკოკი პროგრესირებს და შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.

დიაგნოსტიკა.  ექინოკოკოზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კვლევის სხივური მეთოდები( ექოსკოპია,რენტგენი, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია )  და იმუნოლოგიურ გამოკვლევები.

მკურნალობა. ექინოკოკოზის თერაპიაში გამოიყენება

  • ოპერატიული
  • კონსერვატიული (მათ შორის რეციდივსაწინააღმდეგო)
  • სიმპტომატური და პათოგენეზური მკურნალობა

მკურნალობის ძრითადი მეთოდია ექინოკოკური კისტის -ქირურგიული ამოკვეთა-ექონოკეკქტომია კისტის დრენირებით.უფრო იშვიათად ღვიძლის ,ფილტვის ან სხვა ორგანოს სეგმენტის რეზექცია. მრავლობითი და პოლიორგანული დაზიანების დროს ოპერაციული ჩარევა ხორციელდება ეტაპობრივად.

კონსერვატიული მკურნალობის ჩვენებებია:

  • სოლიტარული(ერთეული) კისტა, რომლის დიამეტრი არ აღემატება 3სმ-ს
  • მრავლობითი მცირე ზომის კისტები, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 1სმ-ს
  • ექინოკოკური კისტის მთლიანობის დარღვევა
  • ფილტვის ექინოკოკური კისტის გახსნა ბრონქის სანათურში
  • არაოპერაბელურობა

 

დისპანსერული მეთვალყურეობა გრძელდება 5 წლის მანძილზე. პაციენტს ხსნიან აღრიცხვიდან რეციდივის ნიშნების არარსებობის და უარყოფითი სეროლოგიური რეაქციების შემთხვევაში 3-4წლის მანძილზე.

ექინოკოკოზის პროფილაქტიკა მოიცავს:

  • პირადი ჰიგიენის წესების დაცვას
  • სასაკლაოზე სანიტარული წესების სწორ ორგანიზაციას
  • ძაღლების და კატების გეგმიური დეჰელმინთიზაციას
  • დაღუპული დაავადებული შინაური ცხოველების შინაგანი ორგანოების განადგურებას, რომლებიც შეიცავენ ექინიკოკურ კისტებს
  • ექინოკოკოზის ენდემურ კერებში რისკის ჯგუფის გეგმიურ გამოკვლევებს
Share: