ხშირად დასმული კითხვები

მასალის აღების წესი ჭიებზე კვლევისათვის

ნაწლავურ პარაზიტებზე და ჭიის კვერცხებზე სრულყოფილი კვლევის ჩასატარებლად საჭიროა განავლისა და სპეციალურად მომზადებული ბამბის ტამპონის  (უკანა ანალური ხვრელ-ნაოჭების ნაცხის სახით აღებული)  კვლევა.
განავლის ანალიზზე კვლევის  ჩასატარებლად,  საჭიროა იმავე დღის განავალი ან წინა ღამის, მაგრამ თუ წინა დღის  განავლის ანალიზის მოტანა გსურთ, აუცილებელია სხვადასხვა ადგილიდან აღებული მცირე რაოდენობის განავალი, მოტანამდე შეინახოთ ცივ ადგილას პლასტმასის კონტეინერში, რომელიც იყიდება აფთიაქებში.
სრულყოფილი პასუხისათვის  აგრეთვე საჭიროა ჩატარდეს ჩვეულებრივი ბამბით მომზადებული  ნაცხის  კვლევაც, რომელიც უნდა მოიტანოთ შემდეგნაირად მომზადებული: საღამოს,  6-7 საათის შემდეგ, არ უნდა დაიბანოთ უკანა ტანი. დილით გაღვიძებისთანავე, კუჭის მოქმედებამდე,  ჩვეულებრივი მშრალი ბამბით კარგად გაიწმინდეთ პერიანალური არე – სწორი ნაწლავის გარეთა ხვრელი და ნაოჭები, უმჯობესია უნიტაზზე მჯდარ მდგომარეობაში, რომ ნაოჭები გაშლილი იყოს. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე დილას  ახალი ბამბით. ასევე თუ შეგაწუხებთ ძლიერი ქავილი, დამატებით ჩამოიწმიდეთ ანალური არე.  ასეთ დროს გექნებათ სამი ტამპონი. ბამბის ტამპონები უნდა იყოს ერთ ლარიანი მონეტის სიდიდის  და მშრალი. ბამბის ტამპონები ერთად მოათავსეთ კონტეინერში ან ერთჯერად პარკში და მოგვაწოდეთ განავლის კონტეინერთან ერთად. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
ანალიზისთვის გამზადებული მასალა მოგვაწოდეთ კლინიკაში დილის საათებში

შესაბამისი კლინიკის არსებობისას ვიკვლევთ ფეკალურ მასაში ლაბლიის ცისტების არსებობას მიკროსკოპის საშუალებით.

ასევე შესაძლებელია შესაბამისი ანტიგენის აღმოჩენა განავალში სწრაფი ტესტის საშუალებით.

ექინოკოკოზის დიაგნოსტირებისათვის  ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები – იმისდა მიხედვით რომელი ორგანოა დაინტერესებული ( რენტგენოგრაფია, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია). ღვიძლის ექინოკოკოზის სკრინინგისათვის ნაჩვენებია ექოსკოპიის ჩატარება სისხლის საერთო ანალიზთან ერთად. ამის შემდგომ, საეჭვო შემთხვევაში, დიაგნოზის დადასტურება ხდება იმუნოფერმენტული მეთოდით. ხშირად, საბოლოო დიაგნოზისათვის საჭიროა დინამიკაში დაკვირვება.

ვისცერული ლეიშმანიოზის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ხშირად მიმართავენ პარაზიტოლოგიურ მეთოდს – მიკროსკოპის მეშვეობით გამომწვევი პარაზიტის აღმოჩენას ძვლის ტვინის პუნქტატში. ასევე არსებობს ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები: ლეიშმანიას აღმოჩენა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით   და სეროლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს  სისხლში პარაზიტის (ლეიშმანიას) საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულების აღმოჩენას.

ასევე ლეიშმანიოზის აღმოსაჩენად ფართოდ გამოიყენება მაღალი მგრძნობელობის მქონე  სწრაფი, მარტივი ტესტი.

ვისცერული ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელია გაურკეველი გენეზის მაღალი ტემპერატურული რეაქცია, უმადობა, ზოგადი სისუსტე, სისხლში ვლინდება ჰემოგლობინის მაჩვენებლის დაქვეითება,  ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

ამგვარი სიმპტომების არსებობისას ჩაიტარეთ გამოკვლევა ვისცერულ ლეიშმანიოზზე.

შესაბამისი კლინიკური სურათის შემთხვევაში ვიკვლევთ ფეკალურ მასას მიკროსკოპის გამოყენებით ცისტების გამოსავლენად, ასევე არსებობს  სწრაფი ტესტი განავალში  ანტიგენის აღმოჩენისათვის. გარდა ამისა ისაზღვრება  სისხლში ანტისხეულების დონე, რასაც შეიძლება დავაკვირდეთ დინამიკაში მკურნალობის ფონზე.

მიკროსკოპის მეშვეობით გამომწვევი პარაზიტის კვერცხების აღმოჩენის გარდა შესაძლებელია ჩატარდეს სისხლში ანტისხეულების კვლევა.

ბრუცელოზის  სკრინინგისათვის არსებობს სწრაფი მარტივი ტესტი. დაავადებაზე საეჭვო კლინიკის არსებობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებისათვის  რუტინულ კვლევებთან ერთად ტარდება სეროლოგიური კვლევა  და სისხლის შრატში შესაბამისი კლასის იმუნოგლობულინების აღმოჩენა.

ზიკა ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან  ერთ კვირამდე. მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია.

2015 წლის მაისში, ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (Pan American Health Organization (PAHO)) გამოაცხადა განგაში, ზიკას ვირუსით გამოწვეულ დადასტურებულ პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრაზილიაში. ეპიდაფეთქება ბრაზილიაში ხასიათდებოდა გიენ-ბარეს სინდრომის, ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტებისა და ორსულობის არასასურველი გამოსავლის შემთხვევათა მატებით.

საპასუხოდ, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა საგანგებო სიტუაცია მოგზაურთათვის. კერძოდ, პირებისათვის რომლებიც მოგზაურობენ იმ რეგიონებსა და ქვეყნებში სადაც ცირკულირებს ზიკა ვირუსი.

დიახ, ჩვენს კლინიკაში დანერგილია H. pylori -ს ანტიგენის კვლევა განავალში.

ტესტი ადგენს თქვენი ორგანიზმის მიერ გამომუშვებული ანტისხეულების არსებობას განავალში ამ გამომწვევის მიმართ.

ანტიგენის დეტექცია კეთდება H. pylori -ს სადიაგნოსტიკოდ და მკურნალობის მონიტორინგისათვის. ტესტი ძალიან მგრძნობიარეა.

 

  • როგორ ჩნდება ასკარიდა ბოსტნეულში (გიორგი ხმალაძე)?
  • საწოლში როგორ ჩნდება ჭია (ნუცა მაჭარაშვილი) ?
  • ჭია თუ მივიდა ღვიძლამდე აადამიანის გადარჩენა შეიძლება? წამლებით ინკურნება (ლიზი კერესელიძე)?
  • როგორ უნდა მიხვდე რამდენი ჭია გყავს მუცელში, როგორ ჩნდებიან კვერცხები (ლუკა წოწონავა)?
  • ასკარიდა რითი იკვებება… მას რითი უნდა გავუმკლვდეთ.. რამდენი ადამიანია ასკარიდით დაღუპული მსოფლიოში (თამარ გეწაზე)?
  • ცხოველებს შეიძლება ჰქონდეთ ასკარიდა ან მახვილა (ნინი გეწაძე)?
  • ტვინში შეიძლება ავიდეს ჭიები (ნიკა კირვალიძე)?
  • როგორ ხვდება ექინოკოკი ღვიძლში ან ფილტვებში (ლიზი ყამარაული)?
  • შეიძლება ჭია ხელის გულში იყოს (ლიზი ბაღდავაძე)?
  • ძაღლს ან კატას რომ ვეფერები ასკარიდა ჩემს ორგანიზმში მაგიტომ გადმოდის (გიორგი ხმალაძე)?
  • ბევრ ხალხში ყოფნა საშიშია.. ჭიის კვერცხები გადამივა ხელზე (ლუკა წოწონავა)?
  • დედა რომ ძალით მაჭმევს საჭმელს და მე არ მინდა ჭიის ბრალი ხომ არის (ნინი ენუქიძე)?
  • ჭიის ბრალია მე რომ ჭიჭყინა ვარ (ნიკა ჯაფარიძე)?
  • ჩემი ძმა რომ ხშირად ტირის ჭიის ბრალი შეიძლება იყოს (ლიზი კერესელიძე)?
  • ძლიან მაღლი რომ არ ვარ ჭიის ბრალი ხომ არ არის (ანი ოქროპირიძე)?
  • მე რომ ჩემს დედას ვაბრაზებ ჭიების ბრალია (ნუკა წოწონავა)?
  • ჩემი და 2+2 რომ ვერ იყვანს ჭიების ბარალია(ნუკა წოწონავა)?
  • ნერვები რომ მეშლება ჭიის ბრალი ხომ არ არის (ჟაკო დოშოიანი)?
  • ხშირად რომ მტკივა თავი ჭიის ბრალია (ჟაკო დოშოიანი)?
  • ჩემს ძმას რომ ვაბრაზებ ჭიების ბრალია (გიორგი ხმალაძე)?

სხეულის ზედაპირზე ტკიპის პოვნისას, ტკიპა ფრთხილად უნდა მოიცილოთ: არ შეიძლება მისი გაჭყლეტა, რადგან  პათოგენურ მიკროოგანიზმებს, მის  სანერწყვე ჯირკვლებში უდევს ბინა- ანუ თავში კონცენტრირდება, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. სასურველია ტკიპის ზედაპირზე დაასხათ ზეთი, რაც მას მოადუნებს და უმოძრაოს გახდის და შემდეგ დოლბანდის საშუალებით მოაცილებთ ზედმეტი ძალდატანების გარეშე წრიული მოძრაობით. არსებობს ტკიპების მოსაცილებელი სპეციალური მოწყობილობები. თუ ტკიპის ნაწილი, კერძოდ, თავი ჭრილობაში ჩარჩა (ის შავ წერტილს ემსგავსება), ასეთ დროს უნდა  მიაკითხოთ ქირურგს სამედიცინო დაწესებულებაში.

დაავადებები რომლებიც ფეხსახსრიანთა კბენის შედეგად ვითარდება ტრანსმისიული (ფეხსახსრიანებით გამოწვეული) დაავადებები ეწოდება, ეს არის დაავადებათ დიდი ჯგუფი, რომლებიც  ეკუთვნის პარაზიტულ და ინფექციურ დაავადებებს. ხშირ შემთხვევაში მწერები წარმოადგენენ დაავადებების გადამტანებს და მათ ვექტორებს უწოდებენ. დაავადება გვხვდება  მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც არსებობს ვექტორის  განვითარებისათვის (გამრავლება-გავრცელება) საჭირო ყველა პირობა და დაავადების რეზერვუარი.

ზაფხულის პერიოდის დადგომასთნ ერთად აქტიურდებიან კოღოები, ქინქლები და ტკიპები, რომლებიც კონკრეტული დაავადებების კონკრეტულ ვექტორს წარმოადგენენ. მაგალითად, ფლებოტომუსის გვარის მოსკიტი  წარმოადგენს  ლეიშმანიოზის გამომწვევის  ერთუჯრედიან ი  მიკროორგანიზმის Leishmanias-ს გადამტანს. ანოფელესის გვარის კოღო – მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმის გადამტანია დაავადებული ადამიანის ან პარაზიტმატარებელისაგან. კოღო  Aedes  aegypti -ის და Aedes albopictus  სახეობები ზიკას, დენგეს, ჩიკუნგუნიასა და ყვითელი ცხელების გადამტანები არიან. ყველა ამ დაავადების განვითარებას კონკრეტული გადამტანი და კონკრეტული გამომწვევი სჭირდება. ამიტომ ყველა კოღოს კბენა არ შეიძლება ჩაითვალოს ინვაზიის ანუ დაინფიცირების შესაძლებლობად.

ფეხსახსრიანებს მიეკუთვნება ასევე  იქსოდური და არგაზული ტკიპები, რომლებასც შეუძლიათ ისეთი დაავადების გამოწვევა, როგორიცაა ბორელიოზი,  ყირიმ-კონგოს ცხელება , ტკიპისმიერი ენცეფალიტი. საბედნიეროდ ეს უკანასკნელი ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა. იმ რეგიონში სადაც იგი გვხვდება ეფექტურად იყენებენ ვაქცინაციას.

ბოლო წლებში მალარიიის ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მხოლოდ შემოტანილი შემთხვევის გამო 2015 წელს სტაციონარიზირებული იქნა 6 პაციენტი.მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ  ამ დაავადებასთან საბრძოლველად შეიქმნა 1924 წელს ჩვენი ინტიტუტი. სპეცისლიზირებული სამედიცინო ქსელის შექმნამ და ინსტიტუტის ხელმძღვანელობთ მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებამ, ჯანდაცვის სამინისტროსა და გლობალური ფონდის მხარდაჭერით წლების განმავლობაში,   განაპირობა მალარიის მკვეთრი შემცირება და სრულყოფილი მყარი ელიმინაცია (განდევნა-გაქრობა).

ყოველ წელს მალარიის 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერ-ჯერობით  არ არსებობს ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, ამიტომ ენდემურ კერებში მოგზაურობის მოყვარულებმა საჭიროა წინასწარ ჩაიტარონ პარაზიტოლოგის კონსულტაცია და პროფილაქტიკის მიზნით მიიღონ სპეციფიური პრეპარატები სამოგზაური არეალის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებს, ის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან აქვს გავრცელების მზარდი ტენდენცია. დაავადება გვხვდება აფრიკასა და აზიაში, ხოლო 2000 წლიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიაში , ასევე  მეზობელ ქვეყნებში:  კოლუმბია, სალვადორი, გვატემალა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინამი, გონდურასი და ვენესუელა. 2015 წელს აფრიკის კაბო–ვერდეში აღირიცხა ზიკას დაავადების 1000 სავარაუდო შემთხვევა, 64 სისხლის ნიმუშიდან 17 აღმოჩნდა დადებითი ზიკა ვირუსზე. ევროპაში 2015 წელს აღრიცხულია ერთი სურინამიდან იმპორტირებული შემთხვევა ნიდერლანდებში, ხოლო  2016 წელს ერთი შეტანილი შემთხვევა ჰაიტიდან გერმანიაში.

პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს.

ჩვენი ქვეყნის შავიზრვისპირა ზოლში ბინადრობს და მრავლდება Aedes aegypti -ის და Aedes albopictus სახეობის კოღოები,  რომელთა გასანადგურებლად სახელმწიფომ ჩაატარა ღონისძიებები, თუმცა, დღესდღეობით საქართველოში ამ დაავადებების გამოვლენის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება  ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში. ეს არეალი გამომდინარეობს ძირითადი გადამტანი ტკიპის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრიდან. საქართველოშიც, 2012 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 15  შემთხვევა. დაავადების შემთხვევები  დაფიქსირდა თბილისში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

ფართოდ ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არც ადამიანისათვის და ჯერჯერობით არც ცხოველებისათვის არ არსებობს.

ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ჩამოთვლილთაგან  ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვენს ტერიტორიაზე და ამ დაავდების მკურნალობა ინფექციონისტების პრეროგატივაა. მთავარია დროულად მოხდეს ექიმთან მიმართვა და ინფექციის ამოცნობა.

ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ტკიპის კბენისაგან თავდაცვის საშუალებანი.

და ბოლოს ლეიშმანიოზი, რომელიც კვლავ რჩება ჩვენი მოსახლეობისათვის ენდემურ დაავადებად, განსაკუთრებით ბავშვებში. დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში აღწერილია 1913 წელს, ამჟამად, ყოველწლიურად  რეგისტრირდებოდა 180 მდე დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევა. თუმცა ბოლო დროს აღინიშნება დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება. გასულ წელს ჩვენს დაწესებულებაში სტაციონარულად მკურნალობდა  58 პაციენტი.

დაავადება ამჟამად გვხვდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე  დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (კერძოდ  ქ. ქუთაისი) და მნიშვნელოვნად მოიმატა ავადობამ ქ. თბილისში, სადაც შემთხვევათა ნახევარზე მეტი რეგისტრირდება. დაავადების გადამტანის – ფლებოტომუსის  გააქტიურება ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ხოლო  დაავადების გამოვლინება უფრო ხშირად  გაზაფხულზე ხდება.

მალარია  უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით (პაროქსიზმები).  ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე,  იმუნურ სტატუსზე და სხვა; სამდღიური მალარიის დროს, არის შემთხვევები, როცა დაავადების კლინიკა ვლინდება ხანგრძლივი 6-12 თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ.

ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს პროდრომალური პერიოდი: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა. მალარიული შეტევები მეორდება ყოველ 48 საათში სამდღიური და ტროპიკული მალარიის დროს და ყოველ 72 საათში ოთხდღიური მალარიის დროს.

მალარიის დიაგნოზი ისმევა, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად და მას ესაჭიროება სპეციფიკური მკურნალობა.

ზიკას დაავადების ვირუსის გადაცემა კოღოების (Aedes)  სხვა და სხვა სახეობების მეშვეობით ხდება და ამის გარდა   შესაძლებელია სქესობრივი გზითაც გადაეცეს.ზიკა ვირუსი იწვევს საშუალო სიმძიმის ცხელებით მიმდინარე დაავადებას და სიმპტომები არასპეციფიურია: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, მაკულო–პაპულოზური გამონაყარი, კონიუქტივიტი. ყოველი 5 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში არის გამოხატული სიმპტომები, რომელიც გრძელდება 2–7 დღე. ლეტალობა არ ახასიათებს.

მკურნალობა ხდება სიმპტომების მიხედვით. კლინიკური სურათიდან გამომდინარე. დიაგნოზის დასმისათვის მნიშვნელოვანია პჯრ და სეროლოგიური კვლევის მეთოდები.

განსაკუთრებით საყურადღებო და საშიშია ამ ვირუსით ორსულთა ინფიციება, რადგან კვლევებით  დადგენილია კავშირი  დედის ორსულობის პერიოდში ვისრუსემიასა და ახალშობილის მიკროცეფალიის განვითრებას შორის, რადგან ვირუსს აქვს უნარი ტრანსპლაცენტარულად შეაღწიოს ნაყოფში. მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ამ დაავადების გავრცელების არეალში მედიკოსები ახალგაზრდებს დაგეგმილი ორსულობის გადადებას ურჩევენ.

ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება   ხასიათდება 10-40% სიკვდილიანობით.როგორც ავღნიშნეთ ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 1-9 დღემდეა. ვლინდება მწვავედ შემდეგი სიმპტომებით : ცხელება, ზურგისა და თავის ტკივილი, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლჩაქცევები.დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ  რამოდენიმე ლაბორატორიულ ტესტს. ხოლო მკურნალობისათვის გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტი როგორც ორალური, ასევე ინტრავენური ფორმით. დროულადე დაწყებული მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგი ეფექტურია.

ბორელიოზის პირველი სიმპტომები ვლინდება ტკიპის კბენიდან 3-32 დღეში. ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასითებელი მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით (erythema chronicum migrans), და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე). შემდგომში ვლინდება  სახსრების ანთება და ტკივილი), გულისა და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები, მაგალითად მენინგიტი. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, დისკომფრტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი.დაავადების შემგომ სტადიაზე  თვეების ან წლების მერე გამოვლინდება ქრონიკული ართრიტი და სხვადასხვა  ნევროლოგიური გართულებები . ლაიმის დაავადება იშვიათადაა სასიკვდილო, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, შეიძლება იმოქმედის ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მნიშვნელოვნად გააუარესოს  ცხოვრების ხარისხი. დიაგნისტიკისათვის გამოიყენება სეროლოგიური მეთოდები.

ბორელიოზის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელთა დროული მიღება აფერხებს დაავადების პროგრესირებას და გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა.

ლეიშმანიოზის  ინკუბაციური /ფარული პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ კი 3-5 თვე შეიძლება იყოს.დაავადება თანდათანობით იწყება, ვითარდება ზოგადი სისუსტე, ადინამია, მადის დაქვეითება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ტალღისებურად მიმდინარე ცხელების ეპიზოდები, 2კვრაზე მეტი მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, ფერმკრთალობა, უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს და ეპიდანამნეზურ მონაცემებს (ავადმყოფის დაავადების კერაში ყოფნა). ლეიშმანიოზის  სადიაგნოსტიკო ძირითად მეთოდად მიჩნეულია ელენთის, ძვლის  ტვინის, ღვიძლის  და ლიმფური ჯირკვლის პუნქტატში პარაზიტის აღმოჩენა. მნიშვნელოვან დამხმარე სადიაგნოსიკო საშუალებებს წარმოადგენენ სეროლოგიური რეაქციები. ბოლო დროს დაავადების დიაგნოსტიკისათვის  აქტუალურია პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია, რომელიც  მაღალ მგრძნობიარე და სპეციფიური მეთოდია.

ეფექტური ანტილეიშმანიოზური თერაპიის დროს სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო კლინიკო-ლაბორატორიული მაჩვენებლები უმჯობესდება ორი კვირის განმავლობაში. ვისცერული ლეიშმანიოზის დროული დიაგნოსტიკისას და მკურნალობისას პროგნოზი დადებითია 90 %-ში , ხოლო დაგვიანებულ და მკურნალობის გარეშე შემთხვევებში ლეტალობა აღწევს 90- 95%-ს.

დაცვის ყველა საშუალება შეიძლება შემდეგნაირად დავაჯგუფოდ:

ეკოლოგიური – რაც გულისხმობს ბუნებაზე ზემოქმედებას: დაჭაობებული ტერიტორიის დამუშავებას და ამოშრობას , წყალსატევებისადმი სპეციფიურ მოპყრობას: ჩაღრმავებას,  გაწმენდას და სხვა. ასევე  წყლის რეზერვუარების გადაიხურვას.

ფიზიკური – არ დავუშვათ საცხოვრებელ ბინებში მწერების შემოსვლა, რისთვისაც საჭიროა  ბინის ღიობები: კარი, ფანჯრები, მჭიდროდ  იხურებოდეს და დაცული  იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით. მცირეწლოვანი ბავშვის საწოლი დაცული  უნდა იყოს ბადით.

ბიოლოგიური – კოღოს წყლის ფაზების საწინააღმდეგოდ  ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა თევზი გამბუზიის (Gambusia affinis)  გამრავლება. გამბუზია პატარა 3,5-7,5 სმ ზომის თევზია. გამბუზია კარგად ეგუება ნებისმიერი ტიპის წყალსატევს, არის ნაყოფიერი და გაუმაძღარი – შეუძლია დიდი რაოდენობის კოღოს მატლი და ჭუპრი გაანადგუროს. განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის, წყალმცენარეებით ნაკლებად დაფარულ გუბურებში. გამბუზია მნიშვნელოვნად ამცირებს კოღოს რიცხობრიობას. ამ თვისებების გამო მას ფართოდ იყენებენ მალარიის კოღოს საწინააღმდეგოდ.

ქიმიური

  1. დეზინსექცია:

კოღო ანოფელესთან  საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ეგრეთ წოდებული ინსექტიციდები: მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები.  შენობების დამუშავება ინსექტიციდებით მოითხოვს ყველა წესის მკაცრ დაცვას და  ჩვეულებრივ ხორციელდება დეზინფექციის სამსახურების მიერ, სპეციალისტების მიერ.

  1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები რეპელენტები და ელექტროფუმიგატორები.

რეპელენტები.

რეპელენტები აუცილებალად უნდა შეიცავდეს DEET (N, N-დიეთილ-3-მეტილბენზამიდი), IR3535 (3-[N-აცეტილ-N-ბუთილ]-ეთილის ეთერის ამინოპროპიონის მჟავა) ან იკარიდინი (1-პიპეკოლონის მჟავა, 2-(2-ჰიდროქსიეთილი)-1-მეთილპროპილის მჟავა).

რეპელენტები არსებობს კრემების, მალამოების, ლოსიონების და ემულსიების სახით. რეპელენტებს ისვამენ სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე თხელი ფენით უსმევენ შეზელვის გარეშე. ერთჯერადი დამუშავებისათვის იყენებენ 5-10 მლ სითხეს ან 3-5 გრ მალამოს. გამაფრქვეველ ბალონში მოთავსებულ რეპელენტს ჯერ ხელის გულზე გააფრქვევენ და შემდგომ ამ ხელით წაუსმევენ სხეულის სხვა ნაწილებს. რეპელენტების ერთჯერადი გამოყენება საშუალებას იძლევა კოღოს თავდასხმისაგან თავი დავიცვათ 2-5 საათის განმავლობაში.

რეპელენტების უმრავლესობა არ არის რეკომენდირებული 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ელექტროფუმიგატორი. ეს სპეციალური მოწყობილობა ჩვეულებრივ დენის წყაროს უერთდება და ახურებს ინსექტიციდებით გაჟღენთილ ფირფიტას. ამ დროს გამოიყოფა მწერებისთვის ტოქსიური აირები. ერთი ხელსაწყო როგორც წესი განკუთვნილია 12  კვადრატული მეტრი ფართობის სივრცეზე. თუ ოთახის ფართობი მეტია, მაშინ მეტი ხელსაწყოს გამოყენებაა საჭირო.

ელექტროფუმიგატორის იმ შენობაში გამოყენება, სადაც ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, ან ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, რეკომენდირებული არაა.

ტკიპას ნაკბენის თავიდან აცილებამისი საბინადრო არეალის თავიდან აცილება (მაღალი ბალახი და პატარა ბუჩქები) . ან მაღალ ყელიანი ფეხსაცმელის ტარება  და კანის სრულყოფილი დაფარვა.

ასევე  ცხოველების დამუშავება აკარიციდებით და ავადმყოფი შინაური ცხოველების დროული გამოვლენა,

თუ მაინც მოხდა მწერის მიერ კბენა?

ნებისმიერი მწერის კბენისას ნაკბენ ადგილას  ქავილისა და ტკივილის შესამსუბუქებლად დაიდეთ ყინული ან ცივი საფენი.  ნაკბენის ადგილას სითხიანი ბუშტუკების გაჩენის შემთხვევაში  საჭიროა ექიმთან მიმართვა. სპეციალისტთან ვიზიტი საჭიროა კბენის შემდგომი ადგილის ტკივილის, შეშუპებისა და სიწითლის გამოვლენის შემთხვევაში. რაც შესაძლოა ინფექციურ  პროცესზე მეტყველებდეს. მწერის დაკბენის შემდგომ სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებისა და  თავბრუს ხვევის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა გამოცდილი ექიმის მიერ სიმპტომების სპეციფიური მართვა სტაციონარის პირობებში. კლინიკაში მისვლა საჭიროა ასევე,  თუ ადამიანი ალერგიულია ან და არის  მრავლობითი ნაკბენი და ზოგადი ჩივილები.

როგორც ავღნიშნეათ დიდია აპარაზიტული ტკიპების (იქსოდიდები და არგაზიდები)  ნაკბენით გამოწვეული საფრთხე . იქსოდიდები ღია თავშესაფრებში – ტყეში, მინდორში, ნიადაგის ნაპრალებში, ხეების ქერქის ან ფესვების ქვეშ ბინადრობენ. ხოლო არგაზიდები დახურულ თავშესაფარებში. მათი ადგილსამყოფელი მელიის, მღრღნელების, კუს სოროები და ფრინველთა ბუდეებია. იქსოდიდები და არგაზიდები თავს ესხმიან ადამიანს სეირნობისას ან მიწის დამუშავების დროს. კანზე ეწებებიან და დაახლოებით 7-10 დღე სწოვენ სისხლს მოუშორებლად, ვიდრე სრულ ულუფას არ მიიღებენ. ტკიპის მიწებებისას ადამიანი ვერაფერს გრძნობს, რადგან პარაზიტი მის სხეულში ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას უშვებს და  მაშინვე ხვდებიან სისხლში დაავადებების გამომწვევებიც, რომელთა მატარებელია ტკიპა – რიკეტსიები,  ვირუსები, მიკრობები ან ბორელიები. მიუხედავად ამისა, აქვე უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ტკიპის ხელით მოძრობა, რადგან მისი ხორთუმი კანში რჩება და შესაძლოა, ინფექციის კარიბჭედ იქცეს. ტკიპები თავიანთი სამყოფი სისხლის ამოწოვის შემდეგ  თავისით სცილდებიან ადამიანის კანს. თუ ტკიპას დაუყოვნებივ მოცილება გსურთ, ზემოდან დაადეთ სპირტში ან ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი და დაახლოებით ერთ საათს გააჩერეთ – ტკიპას საწოვარი აპარატი დაეხშობა, მოდუნდება და თავად მოძვრება. ტკიპას მოშორება  შესაძლებელია პინცეტის  ან ტკიპას მოსაშორებელი ხელსაწყოს საშუალებით. პინცეტი უნდა ჩაეჭიდოს  პირთან ახლოს, არ უნდა დავატრიალოთ, რომ პირის კომპონენტები  არ დარჩეს კანში.მწერის მოჭიდების ადგილი კი დაიმუშავეთ ანტისეპტიკით.