რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?

National Center for Disease Control & Public Health შემდგენელები: ნ.ცერცვაძე, ჯ. მანველიანი, გ. ბაბუაძე

რწყილების მიერ გამოწვეული ზიანი
რწყილები (რიგი Siphonaptera) წარმოადგენენ სისხლმწოველი მწერების ერთერთ განსაკუთრებულ ჯგუფს. დღეისათვის ცნობილია 2000 სახეობის და ქვესახეობის რწყილები. რწყილები მეორადი უფრთო მწერებია. მათი სხეული გვერდებიდან შემსხვილებულია და წარმოდგენილია 3 ძირითადი ნაწილით ანუ თაგმებით: თავი, მკერდი და მუცელი. მკერდი შემოსილია სამი წყვილი ფეხით, რომელთაგან უკანა ფეხები უფრო გრძელია. რწყილების თავს სოლისებური ფორმა აქვს, რის შემწეობითაც ისინი თავისუფლად აღწევენ მასპინძლის თმით დაფარულ კანში. რწყილის სხეულის საშუალო ზომა 1-5 მმ., მიუხედავად ამისა, მათი ნახტომი 32-მდე სმ. აღწევს. რწყილების სხეულის ფერი შეიძლება იყოს ღია- მოყვითალო, მოყვითალო-შავი, მოყავისფრო-შავი ან მუქი-შავი. რწყილები ითვლებიან შემდეგი გამომწვევების გადამტანებად: შავი ჭირი, ეპიდემიური პარტახტიანი ტიფი, სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებით, რიკეტსიებით და უმარტივესებით გამოწვეული დაავადებები და სხვა. ადამიანების დასნებოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვირთაგვების (რუხი და შავი), წითელკუდა მექვიშების, მემინდვრიების და სხვა რწყილებს. რწყილები, რომლებიც პარაზიტობენ შინაურ ცხოველებზე და ადამიანებზე სწრაფად ვრცელდებიან და იკავებენ მიმდებარე დიდ ტერიტორიებს. რწყილების ნაკბენი იწვევს ადამიანის გაღიზიანებას, ვინაიდან ისინი კანის ჩხვლეტის ადგილას უშვებენ ნერწყვს, რომელიც იწვევს ტკივილს, ქავილს და შემდგომში ნაკბენი ადგილი განიცდის შესივებას, ვითარდება ანთებითი პროცესი. ორგანიზმის რეაქცია შეიძლება იყოს პრაქტიკულად არავითარი, ალერგიული ან ინფექციური ხასიათის, თუ რწყილმა რომელიმე მიკროორგანიზმი გადასცა.
ცხოვრების ციკლი
რწყილების განვითარება მიმდინარეობს სრული მეტამორფოზით, ე.ი. კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც ხდება ჭუპრი, შემდეგ კი იმაგო ანუ ზრდასრული რწყილი. რწყილები “გამოსტყორცნიან” მშრალ, ოვალურ მოთეთრო ფერის კვერცხებს. თუ ეს ხდება მღრღნელის სხეულზე, მაშინ კვერცხები ხვდებიან მათ ბუდეში ან ნიადაგში. საცხოვრებელ სახლებში რწყილების კვერცხები შეიძლება აღმოვაჩინოთ იატაკის ნაპრალებში ან ნოხის ქვეშ. სარდაფებში, სადაც ხშირად იმყოფებიან ძაღლები, კატები, რწყილები გვხვდებიან ნაგავში. კატის, ძაღლის, ადამიანის რწყილები გვხვდებიან აგრეთვე გაზონებზე, სადაც მათი მატლები, მზისაგან დაცულ ადგილებში იკვებებიან მცენარეული ან ცხოველური ნარჩენებით. სოფლებში ჩვეულებრივ გვხვდება ადამიანის რწყილი (P.irritans), რომელთა ძირითად სამყოფელს საღორეები წარმოადგენენ. რწყილების უმრავლესი სახეობის იმაგო მეტად აქტიურია. სისხლის მოწოვის შემდეგ ისინი ხშირად იცვლიან მასპინძელ ცხოველს ან ადამიანს და გადაინაცვლებენ სხვაზე. საკვების გარეშე რწყილებს შეუძლიათ იცოცხლონ რამოდენიმე კვირა და თვეებიც კი.
რწყილების საწინააღმდეგო ღონისძიებები
დეზინსექცია – ეს არის ფეხსახსრიანების გასანადგურებელი ღონისძიება, რომელიც იყოფა ორ ეტაპად: პირველად სათავსოები მუშავდება მომენტალური მოქმედების პრეპარატით, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა მათი მკვეთრი შემცირება, შემდგომში სათავსოები მუშავდება ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატით, რის მეშვეობითაც სათავსოები დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაცული. რწყილების საწინააღმდეგოდ გამოიყენება შემდეგი ეფექტური პრეპარატები: “ემპაირი 20”, “ეფექტივ ულტრა”, “ქლორპირიმარკ” და სხვა, რომლებიც განეკუთვნებიან ტოქსიურობის მეოთხე რიგის პრეპარატებს, ამიტომ ისინი ითვლებიან ადამიანების და ცხოველებისათვის უვნებელ საშუალებებად და თანაც გამოყენების შემდეგ არ ტოვებენ რაიმე კვალს. სადეზინსექციო საშუალებების ზედაპირებზე მოხვედრის შემდეგ, რწყილების რაოდენობის გათვალისწინებით, ისინი ნადგურდებიან 2 საათიდან დაწყებული 2 დღემდე დამთავრებული.
იქსოდისებური ტკიპები
როდის არიან ტკიპები ყველაზე საშიში?
ხანგძლივი ზამთრის შემდეგ მშიერი ტკიპები, გამომკვებავის ძიებაში, თავს ესხმიან მღრღნელებს, სხვა ცხოველებს და ადამიანებს. ტკიპები ყველაზე დიდ აქტიურობას იჩენენ მარტი-აპრილი-მაისის თვეებში. სისხლის მოწოვის შემდეგ მაძღარი მდედრი ტკიპი ჩამოვარდება მასპინძელი ცხოველიდან და იწყებს კვერცხების დადებისათვის ადგილის ძებნას. ასეთ ადგილებს წარმოადგენს მღრღნელების სოროები, ნიადაგის ნაპრალები, ჩაღრმავებები, მცენარეების ფესვების ქვეშა სივრცეები და სხვა. კვერცხების რაოდენობა დამოკიდებულია მდედრის მიერ მოწოვილი სისხლის რაოდენობაზე. სისხლის მწოველ ფეხსახსრიანთა შორის იქსოდისებური ტკიპების მდედრებს ეკუთვნით აბსოლიტური რეკორდი ნაყოფოერების მხრივ. ასე მაგალითად:
 მდედრები, სახეობების დიდი წარმომადგენლებისა ( Hyalomma иAmblyomma) დებენ საშუალოდ 15-20 ათას კვერცხს;
 საშუალო სახეობების (Dermacentor, Boophilus, Rhipicephalus) 3-6 ათას;
 მცირე სახეობების ( Ixodes и Haemaphysalis) –დაახლოებით 1 ათას კვერცხს.
მაგრამ რთული ონტოგენეზის გამო ზრდასრულ ასაკამდე „ცოცხლობენ“ ერთეულები. კვერცხების დადების შემდეგ მდედრი კვდება, ასევე კვდება მამრი ტკიპა მდედრის განაყოფიერების შემდეგ.
როგორია ტკიპების კბენის შედეგი?
დღეისათვის ცნობილია იქსოდისებური ტკიპების კავშირი ბუნებრივ-კეროვანი ინფექციების გამომწვევების გადაცემასთან, როგორიცაა ტულარემია, შავი ჭირი, ლისტერიოზი, ერიზიპელოიდი, ლაიმის ბორელიოზი, პიროპლაზმოზი ცხოველებში და სხვა. ტკიპების მიერ ინფექციების გამომწვევების გადაცემა ხდება ტრანსფაზურად და ტრანსოვარიალურად. ტრანსოვარიალურად: რიკეტსიული ინფექციები როგორიცაა ცუცუგამუში, Q-ცხელება, ტკიპისმიერი ენცეფალიტი და სხვა. ტრანსფაზურად: ტულარემია, შავი ჭირი, ყირიმ-კონგოს ცხელება დასხვა. ტკიპის ორგანიზმში ტულარემიის გამომწვევი ცოცხალ მდგომარეობაში ინახება 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შავი ჭირის გამომწვევი – 500 დღის განმავლობაში მდედრებში, 200 – ჭუპრებში და 187 დღე კვერცხებში, ბრუცელოზის გამომწვევი ტრანსოვარიალურად ინახება 120 დღემდე ვირულენტობის შენარჩუნებით. როგორ ხდება ტკიპების საშუალებით ადამიანების დასნებოვნება?
• დასნებოვნებული ტკიპების კბენით;
• ტკიპების გაჭყლეტით მათი მოცლის მცდელობისას, მათი შიგთავსის შეზელვით კანის დაზიანებულ ადგილებში;
• ცხვრის კრეჭვის დროს;
• ცხოველის დაკვლის ან გატყავების დროს.
გამაზისებური ტკიპები ძალიან მცირე ზომის 0,2-0,3 მმ გამჭვირვალე ფერის, პარაზიტობენ შინაურ ფრინველებზე, მტრედებზე, მღრღნელებზე, რომლებსაც გააჩნიათ უნარი შეაღწიონ ადამიანის საცხოვრებლებში და დასახლდნენ გამათბობელი სისტემების ახლოს იატაკის ქვეშ, ხვრელებში და აგრეთვე შინაური ფრინველების გალიებში. გამაზისებური ტკიპების კბენის შედეგად ვითარდება გაღიზინების შეგრძნება, დერმატიტები, იშვიათად ცხელება.
არგასისებური ტკიპები ბუნებაში ძირითადად გვხვდებიან ნახევრად უდაბნო და უდაბნო ზონაში, შინაურ ფრინველებზე, მტრედებზე, მღრღნელებზე, ცხვრებზე, სხვადასხვა ცხოველების სოროებში, სამეურნეო ნაგებობებში და სხვა. არგაზისებურ ტკიპებს შეუძლიათ იშიმშილონ 4-12 წელი. ამ სახეობის ტკიპები არიან კლასიკური გადამტანები ტკიპისმიერი შებრუნებითი ტიფის, ტკიპისმიერი სპიროქეტოზის, დასავლეთ ნილოსის ცხელების, ლაიმის ბორელიოზის და სხვა ინფექციების გამომწვევების. არგაზისებური ტკიპების ნაკბენი ადამიანებში განსაკუთრებულ შემაწუხებელ ქავილს იწვევს, რომელიც რამოდენიმე დღე გრძელდება, აგრეთვე ვითარდება დერმატიტები და სხვა მოვლენები.
როგორ დავიცვათ თავი ტკიპების კბენისაგან?
• არ არის რეკომენდირებული ნიადაგის ზედაპირზე ჯდომა;
• საველე სამუშაოების შესრულებისას ან ბუნებაში ყოფნისას და შემდეგ, აუცილებელია ტანისამოსის დათვალიერება.
სხეულზე ტკიპების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა მათი მოცილება ზეთში დასველებული ტამპონის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ტკიპებს ეკვრებათ სუნთქვა, თვითონვე შლიან ხორთუმს და ქვემოთ ვარდებიან. ხელით მოცლის შემთხვევაში მათი ხორთუმი რჩება კანში და ტკივილის გარდა იწვევს ანთებით პროცესს;
• ძალზედ ეფექტურია რეპელენტების გამოყენება. მათი საშუალებით ხდება სხეულის შიშველი ნაწილების, შარვლის, ზედა ტანისამოსის, გარე მოსაცმელის დამუშავება. რეპელენტები უნდა შეიცავდნენ დიმეთილფტალატს, დიეთილტოლუამიდს. პროფილაქტიკული ღონისძიებები დერატიზაცია (მღრღნელების მოსპობა), დესინსექცია (მწერების და სხვა ფეხსახსრიანების მოსპობა), იატაკის ნაპრალების დაგმანვა, ნაგვის დაწვა. დამუშავებას უნდა ჰქონდეს პერიოდული ხასიათი იმისათვის, რომ კვერცხიდან არ წარმოიშვას მატლი.
წყარო:http://www.ncdc.ge/AttachedFiles/word_643892b0-7413-4bc2-ac9b-e82d7071e96c.pdf

Share: