ლეიშმანიოზი

ლეიშმანიოზის გადამტანი ფლებოტომუს

საქართველოში გავრცელებულია ლეიშმანიოზის ორი ფორმა: კანის ლეიშმანიოზი და ვისცერული ლეიშმანიოზის ხმელთაშუა ზღვის ფორმა, რომელსაც დამატებით ბავშვთა ლეიშმანიოზსაც უწოდებენ. საქართველოში ლეიშმანიოზს, როგორც ავღნიშნეთ, ახასიათებს ბუნებრივი კერობრიობა, ტრანსმისიულობა და მკვეთრად გამოხატული სეზონურობა.

ლეიშმანიის გადაცემა ხდება დაინფიცირებული მდედრი ფლებოტომუსის კბენით. ფლებოტომუსი მცირე ზომის სისხლმწოვი მწერია, რომელიც ბუდიდან შორს არ დაფრინავს (რამდენიმე ათეულ მეტრამდე). გამრავლებისათვის საჭირო პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში. ინფიცირდებიან დაავადებული ცხოველის სისხლწოვის დროს, რომელიც სჭირდებათ კვერცხის განვითარებისათვის. ასეთი მწერის კბენისას პარაზიტი გადადის ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ან ცხოველის ორგანიზმში და ასნებოვნებს მას.

საკვების, ანუ სისხლის მოსაპოვებლად ფლებოტომუსი საღამოს ან ღამის საათებში  დაფრინავს. ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების ზრდა განვითარებისათვის აუცილებელია დაჩრდილული ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა მკვეთრი რხევების გარეშე და ორგანული ნარჩენები. მოსკიტები შებინდებისას გამოფრინდებიან. ზოგ სახეობას იზიდავს შუქი სახლებში. დედალი მოსკიტი დიდი აგრესიულობით ხასიათდება. მათი ცხოველქმედება ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ამიტომაც გაზაფხულზე გამოვლინებული ადამიანის დაავადების შემთხვევები, წინა წელს არიან დასნებოვნებულები.

საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში დაავადების გავრცელებაში წამყვანი ფაქტორია ძაღლები (როგორც მაწანწალა ისე პატრონიანი). ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილით მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დავადების კლინიკა წაშლილია; აღინიშნება უსიმპტომო მტარებლობაც.  სამწუხაროდ ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლების მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არის, ამიტომ ეპიდემიოლოგიური საშიშროების გამო ძაღლი ექვემდებარება ევთანაზიას (უმტკივნეულო ლიკვიდაცია).

ადამიანებში ვისცერული ლეიშმანიოზის ინკუბაციური (ფარული) პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ 3-5 თვე.  დაავადებისათვის ზოგადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, ფერმკრთალობა, უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს და ეპიდანამნეზურ მონაცემებს (ავადმყოფის დაავადების კერაში ყოფნა).

ადამიანიდან ადამიანზე ვისცერული ლეიშმანიოზის გადაცემა არ ხდება.

კანის ლეიშმანიოზი სპორადული შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მცხეთის რაიონში. საქართველოში ლეიშმანიოზის ეს ფორმა ხასიათდება შედარებით მსუბუქი მიმდიანარეობით და მწერის (ფლებოტომუსუს) ნაკბენი ადგილის დაწყლულებით. შეჭრის ადგილას პარაზიტი ხვდება ადგილობრივი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში, სადაც შეუძლია იპარაზიტოს 1 წლამდე. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი რამდენიმე დღიდან 4 კვირამდეა. კანის ლეიშმანიოზის დროზე დაწყებული მკურნალობა იმის საშუალებას იძლევა, რომ განკურნების მერე არ დარჩეს უხეში ნაწიბური.

საქართველოში კანის ლეიშმანიოზის ერთ-ერთ რეზერვუარად მიჩნეულია მაჩვები.

 

ლეიშმანიოზის კონტროლისა და პროფილქტიკისათვის აუცილებელია:

 

•           ლეიშმანიოზით დაავადებულ ადამიანთა დროული გამოვლენა და მკურნალობა (საეჭვო ავადმყოფებს კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო პარაზიტოლოგიის ს/კ ინსტიტუტში).

•           ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, რაც გულისხმობს ინფიცირებული ცხოველების გამოვლენას, მათ მკურნალობას ან ევთანაზიას, მოხეტიალე ძაღლების  პოპულაციის რეგულირებას.

•           სადაც შესაძლებელია, ბრძოლა მოსკიტებთან, პირველ რიგში უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია და ინსექტიციდებით დამუშავება.

•           საგანმნათლებლო მუშაობა მოსახლეობაში, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობელთა შორის – რეკომენდებულია ბავშვები შებინდებისას (მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე) არ გაიყვანონ სასეირნოდ ქუჩაში; მოარიდონ მწერებს – ამისათვის ფანჯრების აბადვაა საჭირო; სხეულის ღია ადგილებზე შეიძლება რეპელენტების (დამაფრთხობლების) გამოყენება, რომლებიც დიეთილმეტატოლუამიდს შეიცავენ (10%-იანი ბავშვებისათვის), თუმცა 2 წლამდე ასაკში მათი გამოყენებისაგან თავი უნდა შევიკავონ.

წყარო:http://ncdc.ge/Category/Article/191

Share: